აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თავის პირველ ვიზიტს მოსკოვში გამართავს. ამის შესახებ ანქვაბმა "გაზეტა.რუ"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, "ინაუგურაციის" შემდეგ პირველ "ბრძანებას" ე.წ. პრემიერ-მინისტრს ახალი "მთავრობის" ფორმირებასთან დაკავშირებით მისცემს, თუმცა "პრემიერის" პოსტზე დარჩება თუ არა სერგეი შამბა - ამ საკითხზე კომენტარისგან ანქვაბი ამ ეტაპზე თავს იკავებს, თუმცა დასძენს, რომ "ახალი პრემიერის" სახლი და გვარი უკვე იცის.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჩავა თუ არა იგი მოსკოვში, სეპარატისთა ახალი ლიდერი პასუხობს: "რაშიც დარწმუნებული ვარ, ეს არის ის, რომ ჩემი პირველი ვიზიტი მოსკოვში შედგება".
ანქვაბის თქმით, მოსკოვსა და სოხუმს ერთმანეთთან არც ერთ საკითხზე შეთანხმების პრობლემა არ აქვთ და რაც იწერება მედიაში, სინამდვილეს არ შეესაბამება, მათ შორის არც სადავო სოფელ აიბგასთან დაკავშირებული საკითხი.
"არის რაღაც, რაც დაგვრჩა მემკვიდრებით საბჭოთა კავშირისგან. ამ საკითხებს მშვიდ გარემოში განვიხილავთ. პირველი შეხვედრა უკვე შედგა, ახლა საუბარი მიდის მერე შეხვედრის მომზადებაზე", - აღნიშნა ანქვაბმა.
რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან აფხაზეთის ე.წ. არჩევნების არააღიარების საკითხს, ანქვაბს მიაჩნია, ამ კუთხით პრობლემას ვერ ხედავს.
"ეს მათი პრობლემაა", - აღნიშნა აფხაზი სეპარატისტების ახალმა ლიდერმა.