ევროპის სუპერთასი „ბარსელონამ" მოიგო. ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პეპ გუარდიოლას გუნდი ევროპის ლიგის ჩემპიონ „პორტუს" დაუპირისპირდა და მეტოქე 2-0 დაამარცხა.
ანგარიში შეხვედრის 39-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ლეო მესიმ გახსნა და "ბარსელონამ" პირველი ტაიმი 1-0 მოიგო.
მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი მესის ზუსტი გადაცემა „ბარსელონას" ახალწვეულმა სესკ ფაბრეგასმა გამოიყენა და საბოლოო შედეგი 2-0 დაფიქსირდა.
კატალონიელებმა ევროპის სუპერთასი მეოთხედ მოიგეს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი ანდრეს ინიესტა დასახელდა.