ექსპერტ ნიკა ჩიტაძის აზრით, ალექსანდრე ანქვაბის "გაპრეზიდენტების" პირობებში საქართველოსა და აფხაზეთს შორის დიალოგის დაწყების მეტი შანსი არსებობს, ვიდრე ეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სერგეი შამბას გამარჯვების შემთხვევაში მოხდებოდა.
"ალექსანდრე ანქვაბმა არჩევნებამდე დაალხოებით ერთი თვით ადრე მზადყოფნა გამოხატა უპირობოდ დაჯდეს ქართულ მხარესთან მოლაპარაკების მაგიდასთან, ანუ ანქვაბი უფრო რეალისტურად აზროვნებს და არ სურს აფხაზეთი ცალმხრივად იყოს დამოკიდებული რუსეთზე. აქედან გამომდინარე,შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანქვაბის მმართველობის პირობებში უფრო მეტი შანსი არსებობს საქართველოსთან დიალოგის განახლების, ვიდრე ეს შამბას მმართველობის პირობებში მოხდებოდა. მინდა გითხრათ, რომ თავად რუსეთი შამბას უჭერდა მხარს, ანქვაბი კი მისთვის ნაკლებადმისაღები კანდიდატი იყო", - განუცხადა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე კომენტირებისას.
თუნცა, ექსპერტის თქმით, დიალოგის განახლების შემთხვევაში მხარეებს შორის ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმართვას და ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა აფხაზეთის სტატუსი, არ უნდა ველოდოთ.
"რა თქმა უნდა, ფართომასშტაბიან დიალოგს არ უნდა ველოდოთ, რადგან რუსეთი მას ყველანაირად აღუდგება წინ. არც იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ საუბარი გაიმართება საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსზე, უბრალოდ, გარკვეულ, ორმხრივ კონტაქტებზე შეიძლება იყოს საუბარი, მათ შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ა.შ", - აღნიშნა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულმა აფხაზეთმა ახალი ლიდერი აირჩია. დე ფაქტო ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 55 %-მა დაუჭირა მხარი.