სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა.
ე.წ. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მას მხარი 57 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა. პრეზიდენტობის დანარჩენ ორ კანდიდატს - სერგეი შამბას 21 ათასმა, ხოლო რაულ ხაჯინბას 20 ათასმა.
"ფაქტობრივად, ანქვაბმა საკუთარ კონკურენტებზე სამჯერ მეტი ხმა მოაგროვა", - აცხადებს სეპარატისტული რესპუბლიკის ცესკო.
თავად არჩევნებში გამარჯვებული ანქვაბი კი აცხადებს, რომ მისმა მომხრეებმა "კარგად იმუშავეს".
ანქვაბის თქმით, მას ურთიერთობა ჰქონდა მრავალ საერთაშორისო დამკვირვებელთან, რომლებმაც ჩატარებულა "არჩევნებს" მაღალი შეფასება მისცეს.
"ამის მოსმენა სასიამოვნო იყო და ის, რომ არჩევნები ჩატარდა ორგანიზებულად და პრაქტიკულად, შენიშვნების გარეშე, ამომრჩეველთა დამსახურებაა. ეს კიდევ ერთხელ ზრდის ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს და აჩვენებს, რომ ჩვენ ნორმალურად ვვითარდებით", - განმარტა ანქვაბმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთში გამართულ ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებს 27 ქვეყნის 119 წარმომადგენელი ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.
აფხაზეთის ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა, რომელიც 29 მაისს, 62 წლის ასაკში, მოსკოვის 83-ე საავადმყოფოში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს არჩევნის გაკეთება სამ "კანდიდატს" - აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ანქვაბს, ე.წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასა და ოპოზიციონერ, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხარჯიმბას - შორის უწევდათ.