სეპარატისტულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. საარჩევნო უბნები აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დაიხურა. კომისიამ ხმების დათვლა დაიწყო.
როგორც აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბატალ ტაბაღუამ განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, "არჩევნებში" მონაწილეობა მიიღო 75 ათასმა კაცმა.
აფხაზეთის ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა, რომელიც 29 მაისს, 62 წლის ასაკში, მოსკოვის 83-ე საავადმყოფოში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს არჩევნის გაკეთება სამ "კანდიდატს" - აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ანქვაბს, ე.წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასა და ოპოზიციონერ, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხარჯიმბას - შორის უწევთ.