რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც საარჩევნო პროცესს არ უყურებს.
"საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთში მიმდინარე პროცესს, როგორც საარჩევნო პროცესს არ უყურებს. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის მათი სამართლებრივი პოზიციაც", - განუცხადა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, არჩევნები ვერასდროს იქნება ლეგიტიმური იმ რეგიონში, საიდანაც ასიათასობით ადამიანი ეთნიკური ნიშნით გამოდევნეს.
"ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ შეიძლება ლეგიტიმური არჩევნები ტარდებოდეს. აფხაზეთი კი ოკუპირებულია. რუსეთი მას სრულად აკონტროლებს, შესაბამისად, იქ რაიმე სახის არჩევნებზე საუბარი ზედმეტია. ეს არის პოლიტიკური ფარსი", - განმარტა სახელმწიფო მინისტრმა.
ტყეშელაშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში რაიმე სახით წარმომადგენლობით პროცესზე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება იყოს საუბარი, "რაც იქ ის საზოგადოება აღდგება, რაც ადრე იყო".