საქართველოს ვიცე-პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის შეფასებით, არჩევნები, რომელიც აფხაზეთში ტარდება, ფარსია.
"ის პროცესი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, არის უკანონო, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და ფარსი. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ და მეორე - აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობას, თითქმის 80 %-ს, რომელიც რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იქნენ გამოდევნილნი, არ ეძლევათ პროცესში მონაწილეობის უფლება", - განუცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპაციის გაგრძელებას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთი დღეს მორიგ დე ფაქტო ლიდერს ირჩევს.