აფხაზეთში ე.წ. არჩევნები არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ ეს არის კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერირორიაზე მიმდინარე ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას აღნიშნა.
"რეალურ სიტუაციას აფხაზეთში დღეს რუსეთი აკონტროლებს და ყველა რეალურ გადაწყვეტილებასაც მთლიანად რუსული მხარე იღებს, რომლებიც რეგიონში უსაფროთხობის სიტუაციასაც თვითონ აკონტროლებს. რუსეთი არის მხარე, რომელიც ასევევ მთლიანდ აკონტროლებს აფხაზეთში ყველა ეკონომიკურ აქტივობასა და პოლიტიკურ ცხოვრებას", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ქართული მხარე მზად არის აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი ნებისმიერ მომენტში დაიწყოს, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ აფხაზეთში გადამწყვეტი მოთამაშე რუსეთია.
"ამიტომ აფხაზეთის ე.წ. არჩევნები არაფერს ნიშნავს იმაზე მეტს, ვიდრე კონკრეტულ კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც ცნობილია, აფხაზეთის ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა, რომელიც 29 მაისს მოსკოვის 83-ე საავადმყოფოში სიმსივნის დიაგნოზით 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საკუთარ არჩევანი სამ "კანდიდატს" შორის - აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებს ალექსანდრე ანქვაბს, ე.წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასა და ოპოზიციონერ, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტს რაულ ხარჯიმბას შორის მოუწევს.