საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავიათაია სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამტკიცებს, რომ აფხაზეთის ყოფილი ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსულმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა მოკლეს.
"სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ აფხაზეთის წინა ე.წ. პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მოკლული იქნა კრიმინალური დაჯგუფებების მიერ, რომლებმაც ვერ დაიკანონებს მიწები აფხაზეთში. საუბარია, რუსულ დაჯგუფებებზე", - განაცხადა დავითაიამ დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე აზრით, იგივე მოელის აფხაზთა ყველა იმ ლიდერს, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის აფხაზური მიწების გადაცემაზე უარს იტყვის.
"ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ - მოეგონ გონს და გადაარჩინონ თავისი ერი, რაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნით არის შესაძლებელი", - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
პაატა დავითაია უკანონოს და არალეგიტიმურს უწოდებს აფხაზეთში დღეს მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ მას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება.
" ეს არის არალეგიტიმური არჩევნები. ის არ აკმაყოფილებს არც ერთ საერთაშორისო ნორმას, არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციას და რეალურად, დღეს ვხედავთ იმას, რომ ის კრიმინალები, რომლებიც იქ არიან, ითვისებენ ძალაუფლებას", - აღნიშნავს დავითაია.