კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძეს უჭირს იმის პროგნოზირება, ვინ შეიძლება გახდეს სეპარატისტული აფხაზეთის ახალი ლიდერი, თუმცა ვარაუდობს, რომ სასწორი ანქვაბისკენ გადაიხრება.
"ეს ის შემთხვევაა, როდესაც დანამდვილებით ვერ ვიტყვი ვის შეიძლება ჰქონდეს მეტი შანსი, მაგრამ კონკურენტების ზოგიერთი ნაბიჯი მაფიქრებინებს, რომ სასწორი მაინც ანქვაბისკენ გადაიხრება", - განუცხადა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
ექსპერტს აღნიშნულის ვარაუდის საფუძველს ანქვაბის მიერ გაკეთებული ის განცხადებების აძლევს, რომელიც, მისი აზრით, "ძალიან საინტერესო პასაჟებს შეიცავდა იმასთან დაკავშირებით, რომ ლტოლვილების დაბრუნების პროცესზე უნდა ვიფიქროთ".
"ისიც საინტერესო იყო, როდესაც მან თქვა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, კანონს შეცვლის და მისცემს რუსეთის მოქალაქეებს უფლებას - აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწები შეისყიდონ. ეს არის მთავარი უკანდახევა აფხაზური პოლიტიკის - თუ ეს ანქვაბმა შეასრულა, ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის ტერიტორიის დეაფხაზიაციას საფუძველი ჩაეყრება ძალიან მალე. ეს ნიშნავს, რომ ერთადერთი სტრატეგიული, რაც აქვთ აფხაზებს, ანუ ზღვისპირეთი, სადაც ცხოვრობენ აფხაზები ძირითადად, რუსების ხელში გადავა. მათგან დიდი ფულის ფასად რუსები დაიწყებენ ამ ტერიტორიების შესყიდვას. ამ დიდი ფულით აფხაზები წავლენ რუსეთში და იქ დაიწყებენ ცხოვრებას", - განმარტავს ექსპერტი.
მისივე აზრით, ძალიან საინტერესოა სამივე კანდიდატის მეორე ნომრები.
"შამბასა და ანქვაბის მიერ მეორე ნომრების კანდიდატების დასახელების შემდეგ გამიჩნდა აზრი, რომ ორივემ გარკვეული გზავნილი გამოუგზავნა ქართველებს. შამბას მეორე ნომერი - აჭარელი აფხაზია, შამილ აძინმა. იქ არის კიდევ ნიუანსები, რომლებზედაც არ მინდა ვისაუბრო და არაჯანსაღი სიტუაცია შევქმნა ანქვაბის კანდიდატის შემთხვევაშიც.ხაჯიმბამ კი მეორე ნომრად არძინბას ცოლი დაასახელა. სწორედ არძინბას ცოლი იყო, რომ გაარტყა 2004 წლის არჩევნებზე ხაჯიმბას და დღეს მეორე ნომრად ჰყავს. აფხაზეთში უამრავი ადამიანი დასცინის მას ამის გამო, რომ ქალი, რომელმაც სილა გაგარტყა, გვერდში რატომ უნდა დაიყენო - სულ ერთია, ვინც არ უნდა ყოფილიყო მართალიო... ამავე დროს, ნუ დაგვავიწყდება, რომ შამბა ორჯერ არის დამარცხებული საპრეზიდენტო არჩევნებში და მყარი წაგებულის იმიჯი აქვს ", - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.