პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, კულტურის მინისტრ ნიკა რურუას რობერტ სტურუას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიეღო.
"უცნაურია, რომ კულტურის მინისტრს თვენახევარი დასჭირდა რობერტ სტურუას მიმართ თავისი დამოკიდებულების ფორმულირებისთვის. მას ბევრი დრო არ უნდა დასჭირვებოდა, რადგან სტურუას განცხადებების ბუნება თავიდანვე ცხადი იყო", - წერს პოლიტოლოგი რადიო "თავისუფლების" ევროპული ბიუროსთვის დაწერილ სტატიაში.
მისივე შეფასებით, პოპულარული ფიგურის ქსენოფობიური განცხადებების გამო გათავისუფლება სახელმწიფო მოხელეებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს და ასე მოხდება სტურუას შემთხვევაშიც.
"მთავარი არ არის მხოლოდ სტურუას ოპოზიციური შეხედულებები, მთავარია მოქმედ ხელისუფლებასა და იმ ფენას შორის ურთიერთობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს კულტურისა და სამეცნიერო სფეროს ინტელიგენციად იწოდებოდა... მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ახალგაზრდა გუნდი ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ინტელიგენციის ნაწილმა ქვეყნის მორალური ლიდერის სტატუსი დაკარგა... თუ მოდერნიზებული ხელისუფლება იდენტიფიცირდება დასავლურ ღირებულებებთან, სადაც სირცხვილია ადამიანთა ეთნიკური ნიშნით განსხვავება, სამაგიეროდ პოსტსაბჭოთა ინტელიგენციის ლიდერებისთვის ეთნიკური ფესვები მთავარი თემაა... ამ ლიდერებისთვის სააკაშვილის პატრიოტიზმის დეფიციტი ახსნილია მისი სომხური წარმომავლობით", - წერს ნოდია.