საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი პირველი საციგურაო მოედანი გახსნა. გახსნის ღონისძიება თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო, რომელშიც თბილისის, ბათუმის და ზუგდიდის მოციგურავეებთან ერთად, ცნობილი ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილიც მონაწილეობდა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა უმცროს ვაჟიშვილთან ნიკოლოზთან, ელენე გედევანიშვილთან და სხვა ნორჩ მოციგურავეებთან ერთად, ყინულზეც ისრიალა.
„ორი წლის წინათ ელენეს დავპირდით, რომ საქართველოში ოლიმპიური სტანდარტების შესაბამის საციგურაო მოედანს გავაკეთებდით - ეს მისი ინიციატივა იყო და ყოველთვის ამას ითხოვდა. შესაბამისად, ალბათ, ეს მოედანი მისი სახელობის უნდა იყოს. საციგურაო მოედანი ჩვენი ახირება და აკვიატება არ არის, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. ამ ბავშვთა დიდ ნაწილს სხვადასხვა რესპირატორული დაავადება აქვს, ასეც რომ არ იყოს, ჯანმრთელობისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ყინულის მოედნის აშენებას არა მხოლოდ აქაურებს, არამედ ზუგდიდელებსაც დავპირდით და იქ უკვე ათასზე მეტი ბავშვი დადის რეგულარულად. წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი დევნილისთვის, რომელსაც ბევრი რამ აკლია და სხვაგან ვერსად დადის, ეს ერთადერთი გამონათებაა ცხოვრებაში. ნახეთ, როგორ ცეკვავდნენ ზუგდიდელი ბავშვები, როგორ ცეკვავდნენ თბილისელები... ახლა ქუთაისშიც ვაკეთებთ ყინულის მოედანს და თბილისშიც აუცილებლად გავაკეთებთ რამდენიმე ადგილზე. ამ თვალსაზრისით, მომავალში დიდი გეგმები გვაქვს. ბათუმსა და ზუგდიდში უკვე ავაშენეთ ოლიმპიური მოედნები. ერთი მხრივ, ეს ამ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესს ნერგავს და მეორე მხრივ, ბათუმს ახალი ობიექტები ემატება. გაიხსნა კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, დელფინარიუმი, ყინულის მოედანი... მომავალ ზაფხულს ჩამოვა უამრავი ტურისტი, რომლებსაც ამ ქალაქში ბევრი საინტერესო რამ დახვდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ტურისტების რაოდენობის ზრდა, თავის მხრივ, ხელს უწყობს ხალხის დასაქმებას და შემოსავლის ზრდას.
"ცუდი ამინდის შემთხვევაში, თუკი ვინმეს გარეთ გასვლა მოუნდება, უკვე შეეძლება დელფინარიუმში წასვლა, იქნება ბალეტი ყინულზე, ბათუმის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დაიდგმება სხვადასხვა წარმოდგენები და სხვა. ადრე კი არაფერი არ იყო. წელს უკვე ვიწყებთ ბათუმის 30 ათასკაციანი თანამედროვე სტადიონის მშენებლობას, რომელიც საუკეთესო იქნება არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიაშიც. ასე რომ, კიდევ ერთი ცენტრი გაუჩნდება ბათუმს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, აგურს აგურზე ვადებთ და რაღაცას ვემსგავსებით. ამ მიმართულებით მოცემული დაპირებებიც ერთობლივი ძალისხმევით სრულდება", - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც მოსკოვში მცხოვრებ ქართველ მოციგურავეს ელენე გედევანიშვილს რუსეთის მოქალაქეობა შესთავაზეს. მისი თქმით, ამ შეთავაზებაზე უარის თქმა დიდი რისკი იყო, რადგან შეიძლებოდა მისი კარიერა დასრულებულიყო. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, პატარა პატრიოტმა სიმტკიცე და ძალა გამოავლინა, ღირსებაც შეინარჩუნა და წარმატებებსაც მიაღწია. ეს, მისი თქმით, ყველაზე მეტადაა დასაფასებელი.
მიხეილ სააკაშვილი ყინული მოედანზე მყოფ სტუმრებსაც გაესაუბრა, რომელთა შორის, ერთ-ერთი ფერეიდნელი ქართველი აღმოჩნდა. ყინულის მოედანი, რომელიც ბათუმში უკვე რიგით მეორეა, სამომავლოდ პატარების მომზადებას ემსახურება.