რუსთაველის თეატრის მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა ჩხიკვაძემ გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე მედიაკავშირ "ობიექტივს" ინტერვიუ მისცა, რომელშიც რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ნატაშა ჩხიკვაძის შეფასებით, რობიკო სტურუამ მსოფლიო თეატში დიდი ეპოქა შექმნა და საქართველოს გაცნობა სწორედ მისი სპექტაკლებით მოხდა.
"მე ვსაუბრობ და ცრემლებს ძლივს ვიკავებ, რადგან არ მინდა რამაზმა ჩემი, თუნდაც ერთი ცრემლი დაინახოს. იმან, რაც მოხდა რობიკოსთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან შეგვაწუხა, რადგან ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარეთ ერთად და გვერდი-გვერდ. შესაძლოა ყოფილიყო წყენებიც ან სხვა რაიმე გაურკვევლობა, მაგრამ ეს არის ძალიან პირადული და სუბიექტური. მთლიანობაში რამაზმა და რობიკომ შექმნეს დიდი ეპოქა მსოფლიო თეატრში. მე მაქვს ყველაფერი შენახული - ყველა სტატია, სადაც წერდნენ, რომ ეს არის ახალი თეატრი, რომელიც არ გაქვს არც სტანისლავსკის, არც მეირჰოლდის და არც სხვას. ისინი იპყრობდნენ მსოფლიოს და მსოფლიო იყო მათ ფეხებთან. მაშინ თითქმის არავინ იცოდა რა იყო საქართველო და ყველა ეცნობოდა საქართველოს მათი სპექტაკლებით", - განაცხადა ნატაშა ჩხიკვაძემ.
მისივე თქმით, ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ვერავითარი ახალი სპექტაკლებით და არავითარი ახალი თეატრებით ხელოვნების ახალ ისტორიას ვერ დაწერენ - ვერასოდეს.
"ისტორია რჩება ისტორიად. თქვენ შექმენით უდიდესი ისტორია, რომელსაც ვერასოდეს ვერ წაშლით", - მიმართა ნატაშა ჩხიკვაძემ რობერტ სტურუას.
ამასთან, მან გენიალურ რეჟისორს "გამძლეობა" უსურვა და განმარტა, რომ რამაზ ჩხიკვაძე ძალიან ცუდაა იმ ამბის გამო, რაც რობერტ სტურუასთან დაკავშირებით მოხდა.
"მტკივა და ვწუხვარ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ასეთ დროს, ვწუხვარ, რომ ჩვენ მივეცით სიცოცხლე ამ ქვეყნის ხელოვნებას, რომელსაც უცებ სანაგვეზე ისვრიან. რობიკო, გაუძელი, მედგრად იყავი, ჩემო ძვირფასო და იცოდე, რომ შენთვის ღიაა ყველა კარი. შენ კიდევ შექმნი შედევრებს... რამაზს ახლა სძინავს, ის ძალიან, ძალიან ცუდად არის. შენ არც შეგიძლია წარმოიდგინო ის როგორ მდგომარეობაშია. ის გამუდმებით ფიქრობს შენზე. იყავი ჯანმრთელად", - აღნიშნა მან.
ინტერვიუს ბოლოს ნატაშა ჩხიკვაძემ მადლობა გადაუხადა ყველა მაყურებელს, ყველა გულშემატკივარს, ვისაც შეუძლია "ახსოვდეს, შეაფასოს და დააფასოს, ხოლო "მათი მსაჯული, ვინც ღალატი გამოიჩინა და ვისაც არ ახსოვს, იყოს ღმერთი".
შეგახსენებთ, რომ მედიაკავშირ "ობიექტივისთვის" მიცემული აღნიშნული ბოლო ინტერვიუს შემდეგ, ნატაშა ჩხიკვაძე ნახევარ საათში გარდაიცვალა.