დღეიდან, 22 დეკემბრიდან, გარემოვაჭრეები თელავის საკრებულოსთან აქციის გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
გარემოვაჭრე მარინა ვახვახიშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება ხალხს გარევაჭრობის საშუალებას არ მისცემს, საკრებულოსთან ვარდების ნაცვლად ხახვის ფურცლებს დაყრიან და აქციებს გამართავენ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ახალაურის გადაწყვეტილებით, საახალწლოდ გარემოვაჭრეებს აგრარულ ბაზართან მხოლოდ ციტრუსის გაყიდვის უფლებას მისცემენ.
20 დეკემბერს თელავის აგრარულ ბაზართან მყოფ გარემოვაჭრეებს პოლიციამ ვაჭრობა აუკრძალა და დაემუქრა, თუ სასწრაფოდ ვაჭრობას თავს არ დაანებებდნენ, საახალწლოდ 200-ლარიან "საჩუქარს", ჯარიმას, მიიღებდნენ.
გარემოვაჭრეებმა ახალ მემარჯვენეებთან ერთან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციამ ისინი შენობაში არ შეუშვა.
"კანონის უხეში დარღვევა მოხდა. საკრებულომ ამორალური საქციელი ჩაიდინა _ ხალხს საკრებულოში შესვლის საშუალება არ მისცა", - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" თელავის რაიონული ოფისის თავმჯდომარე ნიკა ვარდოშვილმა. მისი თქმით, მემარჯვენეები გარემოვაჭრეების აქციას შეუერთდებიან.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გარემოვაჭრეებს ბაზარში ვაჭრობა შესთავაზა, თუმცა გარემოვაჭრეების თქმით, ბაზარში აღარ დარჩა ადგილი, სადაც ნორმალურად ვაჭრობას შეძლებენ.