რუსთაველის თეატრის მსახიობ ჯემალ ღაღანიძის განცხადებით, რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუას გარეშე წარმოუდგენელია. მისი თქმით, სტურუა არის ცოცხალი საგანძური.
"რობერტ სტურუა ეს არის ერის ცოცხალი საგანძური. ჩვენ ცოცხალი საგანძური კი არ უნდა დავკარგოთ, არამედ თუ ვინმე ასეთია უნდა მოვძებნოთ და მოვუფრთხილდეთ. ხელისუფლება ამ უნებლიე შეცდომას თუ გამოასწორებს ძალიან კარგი იქნება. რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუას გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ არ გვინდა, რომ ასეთი ბუმბერაზი კაცი სხვა ქვეყანას მოხმარდეს. პირიქით, თუ სადმე არიან ასეთი ბუმბერაზები საქართველოში უნდა ჩამოვიყვანოთ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსთაველის თეატრთან გამართულრობერტ სტურუას მხარდასაჭერ აქციაზე.
მისივე თქმით, მისი თაობის მსახიობების უმეტესობა აქციაზე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქალაქში არ ყოფნის გამო ვერ მივიდნენ.
"ჩემი თაობის ხალხიდან აქციაზე მხოლოდ მე ვარ, მაგრამ არ მინდა გეგონოთ რომ სხვები ჩვენს გვერდში არ არიან. ჩვენდა საუბედუროდ ისე დაემთხვა, რომ რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, გურამ საღარაძე ცუდად არიან",- აღნიშნა საღარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთაველის თეატრის დასმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა რობერტ სტურუას სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოხსნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
"რაღა არ განუცდია რუსთაველის თეატრის დასს თავისი არსებობის მანძილზე, ასეთი ერთსულოვანი კი იშვიათად ყოფილა. დღეს ყველა გაოგნებულია. საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე ჩვენ გვგონია, მაგრამ რაც უნდა რთულ პერიოდში ვცხოვრობდეთ, არ უნდა დავკარგოთ ადამიანური სახე. ჩვენი ნებისმიერი საქციელი ადეკვატური, ვაჟკაცური და პრინციპული უნდა იყოს. ნუთუ ძნელი მისახვედრია, რა ხდება დღევანდელ საქართველოში, ჩვენს სამშობლოში. 2011 წლის 9 აგვისტო. რობერტ სტურუა აღარ არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - მოხსნეს. რას ნიშნავს ეს? სტურუას სპექტაკლები - გაჯერებული სინათლით, სიკეთით, კაცთმოყვარეობით, სულიერებით, ნიჭიერებით, ხვალის იმედით, მაღალი გემოვნებით, ქვეყნის სიყვარულით, აღარ გვჭირდება? მოძველდა? უარს ვამბობთ ამ ფასეულობებზე? არა, ბატონებო! ეს არ გამოვა! ჩვენთვის რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია!",- აღნიშნულია თეატრის დასის განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: გ. საღარაძე; კ. კავსაძე; ჯ. ღაღანიძე; თ. დოლიძე; ჟ. ლოლაშვილი; ზ. კვერენჩხილაძე; მ. კახიანი; ზ. ლებანიძე; დ. უფლისაშვილი; ლ. ხურცია; თ. ჭიჭინაძე; ზ. პაპუაშვილი; ლ. ფოფხაძე; ნ. კანტიძე; გ. ბარბაქაძე; ბ. ჩაჩიბაია; გ. გიორგაძე; მ. ჯანაშია; კ. ფურცელაძე; მ. შველიძე; ს. აბრამიშვილი; დ. პაპუაშვილი; ლ. ბერიკაშვილი ; ზ. პაპუაშვილი; ე. მოლოდინაშვილი; პ. გულიაშვილი; ი. სუხიტაშვილი; ზ. შარია; მ. გამცემლიძე ლ. ოგანეზოვი; მ. აბრამიშვილი; ი. სანაია; ტ. სარალიძე; ნ. მაყაშვილი; რ. მაყაშვილი; ნ. კასრაძე; ნ. არსენიშვილი; დ. დარჩია; ნ. ხუსკივაძე; გ. გველესიანი; ე. მინაშვილი; დ. კვირცხალია; ლ. ალიბეგაშვილი; მ. ჯინორია; ლ. ახალაია; ნ. ქაცარიძე; რ. ჩხაიძე. გ-ა. მესხიშვილი.