რუსთაველის თეატრის მსახიობის თათული დოლიძის განცხადებით, თეატრის დასი მას შემდეგ დასახავს გეგმას, თუ ხელისუფლების მხრიდან რაიმე დათმობა არ იქნება რობერტ სტურუასთან დაკავშირებით.
"ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი. დაველოდოთ რა იქნება ხელისუფლების მხრიდან პასუხი. ღმერთმა ქნას, რომ დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა და გაგვიწიონ ანგარიში. თუ არადა მერე ვნახავთ. შევიკრიბებით მთელი დასი და დავსახავთ შემდეგ გეგმას", - განაცხადა რუსთაველის თეატრთან გამართულ რობერტ სტურუას მხარდასაჭერ აქციაზე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას დოლიძემ.
მისი თქმით, სტურუას კერძო განცხადებაზე ამხელა ხმაურის გამოწვევა არ ღირდა.
"თუ ის რაიმე შენიშვნას გამოხატავს ვინმეს ან რაიმეს მიმართ, ის ელეგანტურად ახერხებს ამის შეფუთვას. კერძო განცხადებაზე ამხელა ხმაურის გამოწვევა ვფიქრობ არ ღირდა", - განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთაველის თეატრის დასმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა რობერტ სტურუას სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოხსნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
"რაღა არ განუცდია რუსთაველის თეატრის დასს თავისი არსებობის მანძილზე, ასეთი ერთსულოვანი კი იშვიათად ყოფილა. დღეს ყველა გაოგნებულია. საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე ჩვენ გვგონია, მაგრამ რაც უნდა რთულ პერიოდში ვცხოვრობდეთ, არ უნდა დავკარგოთ ადამიანური სახე. ჩვენი ნებისმიერი საქციელი ადეკვატური, ვაჟკაცური და პრინციპული უნდა იყოს. ნუთუ ძნელი მისახვედრია, რა ხდება დღევანდელ საქართველოში, ჩვენს სამშობლოში. 2011 წლის 9 აგვისტო. რობერტ სტურუა აღარ არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - მოხსნეს. რას ნიშნავს ეს? სტურუას სპექტაკლები - გაჯერებული სინათლით, სიკეთით, კაცთმოყვარეობით, სულიერებით, ნიჭიერებით, ხვალის იმედით, მაღალი გემოვნებით, ქვეყნის სიყვარულით, აღარ გვჭირდება? მოძველდა? უარს ვამბობთ ამ ფასეულობებზე? არა, ბატონებო! ეს არ გამოვა! ჩვენთვის რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია!",- აღნიშნულია თეატრის დასის განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: გ. საღარაძე; კ. კავსაძე; ჯ. ღაღანიძე; თ. დოლიძე; ჟ. ლოლაშვილი; ზ. კვერენჩხილაძე; მ. კახიანი; ზ. ლებანიძე; დ. უფლისაშვილი; ლ. ხურცია; თ. ჭიჭინაძე; ზ. პაპუაშვილი; ლ. ფოფხაძე; ნ. კანტიძე; გ. ბარბაქაძე; ბ. ჩაჩიბაია; გ. გიორგაძე; მ. ჯანაშია; კ. ფურცელაძე; მ. შველიძე; ს. აბრამიშვილი; დ. პაპუაშვილი; ლ. ბერიკაშვილი ; ზ. პაპუაშვილი; ე. მოლოდინაშვილი; პ. გულიაშვილი; ი. სუხიტაშვილი; ზ. შარია; მ. გამცემლიძე ლ. ოგანეზოვი; მ. აბრამიშვილი; ი. სანაია; ტ. სარალიძე; ნ. მაყაშვილი; რ. მაყაშვილი; ნ. კასრაძე; ნ. არსენიშვილი; დ. დარჩია; ნ. ხუსკივაძე; გ. გველესიანი; ე. მინაშვილი; დ. კვირცხალია; ლ. ალიბეგაშვილი; მ. ჯინორია; ლ. ახალაია; ნ. ქაცარიძე; რ. ჩხაიძე. გ-ა. მესხიშვილი.