"ეროვნული საბჭოს" ლიდერი ზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ მისი თანაგუნდელის, ბიძინა გიორგობიანის საქართველოში ექსტრადაციას ესპანეთის პოლიცია არ დაუშვებს.
"ბიძინა გიორგობიანი გერმანიის მოქალაქეა. დარწმუნებული ვარ, გერმანია დაიცავს მისი მოქალაქის უფლებებს, სამართლიანობა აღდგება და საქართველოში ექსტრადაცია ვერ მოხდება", - განუცხადა ძიძიგურმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ გიორგობიანზე ძებნა ინტერპოლის საშუალებით სრულიად უსამართლოდ და "უტვინოდ" გამოაცხადა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ უხელმძღვანელებს "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენლობას დასავლეთ ევროპაში, რაც გიორგობიანს ჰქონდა ჩაბარებული, ძიძიგურის განმარტებით, მის ხელმძღვანელად კვლავ გიორგობიანი დარჩება, რადგან "ესპანეთის პოლიცია მას მალე გამოუშვებს".
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პოლიციამ საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი დააკავა, რომელიც ბოლო პერიოდში დასავლეთ ევროპაში "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენელი იყო.
საქართველოს სამართალდანცავები გიორგობიანის სამშობლოში ექსტრადაციას ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ესპანეთის პოლიცია და სასამართლო.
ესპანური მედიის ცნობით, გიორგობიანის დაკავების დღესვე უკრანის მოქალაქეც დააკავეს, რომელსაც ბრალი ედება ნარკოტიკებით ვაჭრობაში. თუმცა რამდენად უკავშირდება უკრაინის მოქალაქისა და ბიძინა გიორგობიანის დაკავება ერთმანეთს, ჯერჯერობით უცნობია.
გიორგობიანს საქართველოს სამართალდამცავები ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ცირკულარით ეძებდნენ, თუმცა მოგვიანებით მას გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. საქართველომ გიორგობიანზე ძებნა რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა. ქართულმა სასამართლომ გარკვეული დარღვევების გამო მას სასჯელი დაუსწრებლად შეუფარდა.
ქართველი სამართალდამცავები გიორგობიანს სატყეო დეპატრამენტის ხელმძღვანელად მუშაობის დროს უფლებამოსილების გადამეტებასა და თანამდებობის ბორიტად გამოყენებას ედავებიან.
თავად გიორგობიანი თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს.