დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში სასამართლო და სამართალი არ არსებობს - ასე აფასებს "დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, მისი ქმრის, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. მისი თქმით, ბიწაძის საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივა და ის აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.
"ჯგუფური დანაშაულისთვის ადამიანს სასჯელი მიუსაჯეს ისე, რომ არ არსებობს არც თანამონაწილე, რომლის მიმართაც საქმეა აღძრული, არც ადამიანები, რომლებმაც ეს დანაშაული განახორციელეს ან ამ დანაშაულის განხორციელების მცდელობა ჰქონდათ. ეს არის ერთი რგოლი იმ უსამართლობისა, რომელიც ქვეყანაში სუფევს. ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს. ძალიან მალე ყველა გათავისუფლდება, პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლები და უსამართლობის დამამკვიდრებლები კი აუცილებლად წარსდგებიან სასამართლოს წინაშე", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროს ბადრი ბიწაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუწრებლად თავისუფლების 5,6 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ ბიწაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბიწაძე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე იქნა ცნობილი. ადრი ბიწაძეს ბრალად ედებოდა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ორგანიზება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად ძალადობითა და ძალადობის მუქარით.