ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლებას "საშინელებას" უწოდებს.
როგორც ისაკაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ეს ფაქტი არ შეიძლება "ასე დარჩეს".
"საშინელებაა ამისთანა რეჟისორის გათავისუფლება. მე მგონი რაღაც გაურკვევლობაა და ალბათ, ეს შეიცვლება. არ შეიძლება ეს ფაქტი ასე დარჩეს. თუ საქართველო რობერტ სტურუას დაკარგავს, ძალიან სამწუხარო იქნება", - განაცხადა ისაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსთვალის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას მიერ 9 აგვისტოს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მინისტრის განცხადებით, ქართველი რეჟისორის განთავისუფლება მის მიერ სომხების მისამართით გაკეთებულ ქსენოფობიურ განცხადებებს უკავშირდება.
თავად სტურუას თქმით, მისი ნათქვამის ინტერპრეტაცია არასწორად მოხდა. "მე რასისტი არ ვარ!", - აცხადებს სტურუა.