შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გამო კმაყოფილებას გამოთქვამს.
"მე ვქეიფობ, მძინავს,ხილს ვჭამ (მგონი ზედმეტიც მივირთვი...) მოკლედ, გამათავისუფლეს, თავისუფალი ვარ, სვაბოდაზე!.. The Freedom!- ეს ქართველი ამერიკელებისთვის", - ასე ეხმაურება რობერტ სტურუა მისი გათავისუფლების შესახებ კულტურის მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ "facebook"-ში.
მისივე თქმით, "ერთადერთი, რაც ტვინს უღრნის ისაა, როგორ გადაზიდოს ამდენი წიგნი სახლში".
შეგახსენებთ, რომ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
"გათავისუფლდეს რობერტ სტურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2011 წლის 15 აგვისტოდან. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან", - ნათქვამია კულტურისა და ძეგლთა დაცის მინისტრის ბრძანება #1/64-ში, რომელსაც მინისტრი ნიკოლოზ რურუამ ხელი მოაწერა 2011 წლის 9 აგვისტოს.