მსახიობი მარინა საღარაძე, რომელიც ათი დღის წინ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის თეატრის მმართველის მოადგილედ დაინიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის გაუქმების შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.
მისთვის ასევე ცნობილი არ აღმოჩნდა, რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
"გაათავისუფლეს? არაფერი ვიცი. მისი გათავისუფლების შესახებ პირველად თქვენგან ვიგებ. ამიტომ რა კომენტარი შემიძლია გავაკეთო. ამჟამად ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მარინა საღარაძემ.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის გაუქმებისა და, შესაბამისად, ამ თანამდებობიდან რობერტ სტურუას გათავისუფლების შემდეგ "ჯი-ეიჩ-ენს" ინფორმაციით, იქმნება ახალი თანამდებობა - სავარაუდოდ, მხატრვული დირექტორი, რომელსაც მსახიობი მარინა საღარაძე უხელმძღვანელებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მარინა საღარაძემ განუცხადა, იგი ნამდვილად დაინიშნა რუსთაველის თეატრში მმართველის მოადგილის თანამდებობაზე ათი დღის წინ.
"არავითარ მხატვრული დირექტორის პოსტზე საუბარი არაა. მე მართლაც დავინიშნე ჩენს უსაყვარლეს რუსთაველის თეატრში, სადაც 17 წელი გავატარე, მმართველის მოადგილედ", - გაუნცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მარინა საღარაძემ.
იგი ვერ აკონკრეტებს თუ რა უფლება-მოვალეობები აკისრია ამ თანამდებობაზე.
"თუ რას გავაკეთებ ეს განსაზღვული იქნება თეატრის შიდა განაწესით. დავსხდებით მე და მმართველი ზაალ ჩიქობავა და ამ საკითხზე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით", - განაცხადა საღარაძემ და დასძინა, -„ მე მსახიობი ვარ და, შესაბამისად, ალბათ ხვდებით რომ ფინანსებთან საქმე არ მექნება".
შეგახსენებთ, რომ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. "გათავისუფლდეს რობერტ სტურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2011 წლის 15 აგვისტოდან. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან", - ნათქვამია კულტურისა და ძეგლთა დაცის მინისტრის ბრძანება #1/64-ში, რომელსაც მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ხელი მოაწერა 2011 წლის 9 აგვისტოს.