„ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრის სოფიო ხორგუანის თქმით, დევნილების დევნის მეორე წრე დაიწყო და ამას ამჯერად უკვე თავად საქართველოს ხელისუფლება აკეთებს. სასტუმრო „აფხაზეთიდან" დევნილების გამოსახლების საკითხზე საუბრისას, სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება ვერ იტყვის, თითქოს, ისინი აღნიშნულ შენობაში უკანონოდ იყვნენ შეჭრილები.
„ხელისუფლება თავად არღვევს უხეშად კანონს, როდესაც არ ასრულებს მთავრობის 2007 წლის 2 თერბერვლის № 47 განკარგულებას „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ". არადა, ამ დოკუმენტის მომზადებაზე საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი სოლიდური თანხა დაიხარჯა", - აღნიშნა 15 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა.
სოფიო ხორგუანის თქმით, დევნილთა მიმართ სახელმწოფო სტრატეგიაში მითითებულია, რომ დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ცენტრების დახურვის დროს შესაძლებელია, დევნილებისთვის ამ შენობების პრივატიზაცია განხორციელდეს საბაზრო ფასზე უფრო ნაკლებ და გონივრულ ფასებში, რაც არ კეთდება.
ამასთან, ხორგუანი საზოგადოებას შეახსენებს 2007 წლის 29 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ნათქვამ შემდეგ სიტყვებს - „ეს არის დავალება. დევნილებს გადაეცით ყველა ადგილი, რომელიც ამჟამად სახელმწიფოს ეკუთვნის". გარდა ამისა, 2007 წლის 1 დეკემბერს სააკაშვილი დევნილებს დაპირდა, რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ყველაფერი კარგად ჩაივლის და ჩვენ ყველანი მივიღებთ ბილეთს თბილისი-სოხუმის მატარებელზე".
„მიხელ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ეს ადამიანები თბილისი -სოხუმის მატარებელზე ბილეთს, ალბათ, ვერ მიიღებენ. სამაგიეროდ, მათ მიიღეს ბილეთი მარშრუტზე „თბილისი-არსაით", იმიტომ, რომ ადამიანებისთვის უცნობია, სად უნდა წავიდნენ", - აცხადებს სოფიო ხორგუანი.