ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ კი გალის რაიონის სკოლებში დღეიდან სასწავლო პროცესი წყდება. ამის მიზეზად ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობის მატება სახელდება.
რაიონში უკვე რამდენიმე დღეა კარანტინია გამოცხადებული. სასწავლო პროცესი კი სავარაუდოდ 18 იანვრის შემდეგ განახლდება.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ბოლო მონაცემებით, რეგიონში ვირუსით ინფიცირების 1552 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 5 ადამიანი. ამ ვირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში ძირითადად 10 წლამდე ასაკის ბავშვები არიან დაავადებული. აღნიშნული ვირუსით ზუგდიდის საავადმყოფოს აფხაზეთიდან გადმოსულმა 100-მდე ადამიანმა უკვე მიმართა.