ჯონ კიუსაკსა და ნიკოლას კეიჯს გადაიღებენ ფილმში "გაყინული მიწა", რომელიც პოლიციელსა და სერიულ მკვლელს შორის დაპირისპირებას მოგვითხრობს.
ფილმის სიუჟეტი სერიული მანიაკის რობერტ ჰანსენის ირგვლივ ვითარდება და რეალურ მოვლენებს ასახავს. 1970 - 1983 წლებში რობერტ ჰანსენი საკუთარ სახლში იტყუებდა ქალებს, სცემდა, აუპატიურებდა და კერძო თვითმფრინავით გადაჰყავდა ალიასკაზე, ტყეში, სადაც ზოგჯერ წინასწარ დაბრმავებულ მსხვერპლზე აწყობდა ნადირობას დანით ან სანადირო თოფით. ასეთი მეთოდით პურის საცხობის მფლობელმა (ამ პროფესიის იყო ჰანსენი) მოკლა 21 ქალი (მათგან 17 შემთხვევა დაუმტკიცდა). პოლიციის ყურადღება რობერტ ჰანსენმა 1983 წელს მიიქცია, როცა ანკორიჯის ერთ-ერთ განყოფილებაში 17 წლის მეძავი სინდი პოულსონი მიიყვანეს. ქალმა განაცხადა, რომ გაექცა მამაკაცს, რომელმაც თვითმფრინავით ტყეში გადაიყვანა. ეს მამაკაცი ჰანსენი აღმოჩდა, რომელიც ყველაფერს უარყოფდა. ამ დროიდან დეტექტივი გლენ ფლოტი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მანიაკის დაპატიმრებაში, საქმის გამოძიებას შეუდგა.
ჯონ კუსაკი რობერტ ჰანსენის როლს ითამაშებს, ხოლო ნიკოლას კეიჯი - გლენ ფლოტისას.
ფილმის წარმოებით "ენვისიონ ენტერტაიმენტი" დაკავდება, სცენარისტი და რეჟისორი სკოტ უოლკერია. პროექტზე მუშაობის დაწყების დრო არ სახელდება. ჰანსენის ისტორიის ეკრანიზაცია 2007 წელს სცადეს, როცა ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "გაშიშვლებული შიში".
ნიკოლას კეიჯიმ ახლახან დაასრულა მუშაობა ფილმზე "მოჩვენებითი მრბოლელი 2", რომელიც 2007 წლის ფილმის გაგრძელებაა. ფილმი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც სიბნელის დადგომასთან ერთად მანათობელ ჩონჩხად გადაიქცევა. ამჟამად ჯონ კიუსაკს ლი დენიელსის ფილმ "ფოსტალიონში" იღებენ.