იულია ტიმოშენკოს სასამართლო პროცესს მხოლოდ მცირე კავშირი აქვს მართლმსაჯულებასთან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" უკრაინის ევროატლანტიკური ინსტიტუტის პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ვლადიმერ გორბაჩმა განუცხადა.
მისი თქმით, ორივე - როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, არასამართლებრივად მოქმედებს.
"ამ ყველაფერს ემატება მოსამართლის თვალშისაცემი სისუსტე, რამაც პროცესი გამორჩეულად პოლიტიკური გახადა. პროცესს, როგორც უკრაინის მოქალაქეები, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები ერთგვაროვნად აფასებენ - ის პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, პოლიტიზირებულია და არ აღიქმება, როგორც სამართლებრივი. შესაბამისად, მისი შედეგი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც სასამართლოს სამართლიანი განაჩენი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" უკრაინელმა პოლიტოლოგმა.
ამასთან, მისი თქმით, რადგან პროცესი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, მისი გადაწყვეტა და შედეგი პოლიტიკოსების ხელშია და "ყველას კარგად ესმის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებისთვის იქნება მიწერილი".
"პრეზიდენტი არც თუ მარტივ სიტუაციაში აღმოჩნდა. ტიმოშენკოს ქმედების არსი გასაგებია: პოლიტიზაცია და რადიკალიზაცია. ის აკეთებდა პროგნოზს და საკმაოდ თანმიმდევრულს. პრეზიდენტის ქმედების არსი კი ჯერაც გაურკვეველია. აქ მხოლოდ შეიძლება ვიმკითხაოთ. მას ამ თემასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს, ხოლო მისი ადრინდელი განცხადებებით რაიმე პროგნოზის გაკეთება არ შეიძლება. ამჟამად იანუკოვიჩი ჩიხშია. ის უნდა გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, იდეალურ სიტუაციაში შეინარჩუნოს საკუთარი სახე და თავიდან აირიდოს რაიმე სახის ძალიან დიდი დარტყმა", - აღნიშნა ვლადიმერ გორბაჩმა.
ექსპერტი იმასაც აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც უკრაინის საზოგადოების, ისე უკრაინელი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას.
"დროა ისინი დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს რეაქცია ყველა განზომილებაში არის ნეგატიური და რომ ამ პროცესის გაგრძელების შემდგომი ლოგიკა თავად მათთვის იქნება საზიანო. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი დაიწყებს ვითარებიდან გამოსავლის ძებნას და არ გამოვრიცხავ, რომ ის წავა კონტაქტზე თავად ტიმოშენკოსთან ან მისი გარემოცვის რომელიმე წევრთან. თუ ამის გაკეთება ვერ მოხერხდება, მაშინ პრეზიდენტი იძულებული იქნება გაატაროს წინა გადაწყვეტილება, რომელიც ტიმოშენკოს იზოლაციისკენ და ქვეყანაში შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებისკენაა მიმართული. ეს გამოიწვევს უკრაინის იზოლაციას, როგორც მინიმუმ ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმებასა და მისი მოქმედების ვადაში გადატანას. საუბარია თავისუფალ ვაჭრობაზე, ასოცირებაზე და ა.შ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ვლადიმერ გორბაჩმა.