„ქართული პარტიის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სოფიო ხორგუანი ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ლონდონის, ვარშავისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციის სააქციო პაკეტის განთავსება იგეგმება.
სოფიო ხორგუანის თქმით, ამ შემთხვევაში, ლაპარაკია მინოტარულ აქციებზე, რომლის მფლობელებსაც არ ექნებათ კომპანიის მართვაში პირდაპირი ჩარევის უფლება, მაგრამ „ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრი არ გამორიცხავს, რომ მინოტარული აქციების 25 პროცენტის გატანა მომავალშიც მოხდეს და საკონტროლო პაკეტი, თანდათანობით, ერთ ხელში აღმოჩნდეს.
„ძალიან არადამაჯერებელია ხელისუფლების განმარტება, რომ ლონდონის, ვარშავისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე მაგისტრალური გაზასადენის აქციების გატანის მიზანი, თითქოს, მათი ფასის დადგენაა. ამის გაკეთება სხვა გზითაც შეიძლება. სინამდვილეში, ამ ქმედებით ხელისუფლება ადასტურებს, რომ ფინანსურ კრიზისს განიცდის და დამატებითი სახსრები ესაჭიროება. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად კეთდება ყოველივე ეს", - აცხადებს სოფიო ხორგუანი.
იგი შეახსენებს საზოგადოებას, რომ როდესაც რამდენიმე წლის წინ სააკაშვილის ხელისუფლებამ ანალოგიური სურვილი ხმამაღლა გამოხატა, დასავლეთის პოლიტიკური წრეების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა და ამ წინააღმდეგობის გამო, კონკრეტული ქმედებებისგან თავი შეიკავა.
„დღეს კი ხელისუფლება, ამ განცხადებით, აშანტაჟებს დასავლეთს და ეუბნება - თუ არ გინდათ, რომ მაგისტრალური გაზსადენის აქციები რუსული კომპანიების ხელში აღმოჩნდეს, მაშინ ეს აქციები თავად შეიძინეთ", - აცხადებს „ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრი.
ხორგუანის განმარტებით, სააკაშვილის ხელისუფლებას ამ ეტაპზე ძალიან სჭირდება ფული ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მისივე თქმით,ლონდონის, ვარშავისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე აქციების გატანა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსულ კაპიტალს მათზე ხელი არ მიუწვდება.
„ხელისუფლება ქრონიკურ შანტაჟისტად ჩამოყალიბდა. დღეს ის აშანტაჟებს დასავლეთს და ეუბნება, მომეცი ფული, თორემ მაგისტრალურ გაზსადენს რუსებს გადავცემ და რუსულ ორბიტაზე გადავალო. თუმცა, რუსული კომპანიების მიერ ჩვენი ენერგოობიექტების შეძენა უცხო ნამდვილად არ არის - მიმდინარე წლის გაზაფხულზე ერთ-ერთმა რუსულმა კომპანიამ უკვე შეიძინა „ხრამი -1" და ხრამი -2", - აღნიშნავს ხორგუანი.
მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ერთნაირი პრინციპით მოქმედებს.
„დღევანდელი რეჟიმი თანამოქალაქეებს ეუბნება, რომ თუ ისინი არ დათმობენ საკუთრებას, ნარკოტიკს ჩაუდებენ, თუ პროტესტს გამოხატავენ - ჯაშუშად გამოაცხადებენ, ეს რეჟიმი ასეთივე მეთოდით ელაპარაკება დასავლელ პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებასაც", - დასძენს სოფიო ხორგუანი.