"იმის ნაცვლად, რომ მსგავსი შეთანხმებები და კანონპროექტები შეიმუშავონ, რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ჯარი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს რუსეთის ფედერაციასთან ნორმალური ურთიერთობები აღვადგინოთ", _ ეს განცხადება აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა "ამერიკის ხმის" რუსულ სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტის მიერ დუმაში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციისათვის შეტანის კომენტირებისას.
მისივე თქმით, საოკუპაციო ჯარების გაყვანა რუსეთის მხრიდან იქნებოდა დემონსტრირება იმისა, რომ მას სურს მეზობლებთან ურთიერთობა პატივისცემისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.
"რუსეთმა თავისი თავი ერთმნიშვნელოვნად გამოაჩინა უკვე როგორც ოკუპანტმა და არავითარ შემთხვევაში, როგორც შუამავალმა ან სამშვიდობომ. და ცხადი გახდა, რომ ეს კონფლიქტი არის ძირითადი კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი უბრალოდ იყენებს სეპარატისტულ განწყობილებებს საქართველოს სახელმწიფოსთან დასაპირისპირებლად.
ვხედავთ, რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში და ამ ზონების მილიტარიზაციას. და ჩვენ ვხედავთ რუსული დიპლომატიის სრულ ჩავარდნას მისწრაფებაში ლეგიტიმაცია მოახდინოს თავისი სამხედრო წარმატებებისა დიპლომატიურ დონეზე. ვენესუელის ან ნაურუს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსულ დიპლომატიას წონას ნამდვილად არ მატებს", _ აცხადებს თემურ იაკობაშვილი.