პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი 2008 წლის აგვისტოს 5-დღიან ომს "საქართველოს ღირსებისთვის ბრძოლად" აფასებს.
"დღევანდელი დღე ყველასთვის ძნელი და რთულია, მაგრამ ტკივილთან ერთად გვაქვს ღირსების განცდაც. აგვისტოს რამდენიმედღიანი ომი იყო მთელი საქართველოს ღირსებისთვის ბრძოლა და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ სადმე ვინმემ რამეს მიაღწია ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ტერიტორიას. არავის არაფერს ვართმევთ და გვინდა მშვიდობიანად იცხოვრონ თაობებმა. ასე რომ, ეს კვირეული ტკივილთან ერთად მართლაც არის ღირსების შეგრძნების განცდა", - განუცხადა წერეთელმა ჟურნალისტებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის 3 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებებს გორში ესწრება.
ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძის თქმით კი, აუცილებელია ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს და წინ წავიდეს, რისი ვალდებულებაც მან ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნიდან გამომდინარე აიღო.
"დღეს ხსოვნის დღეა. უნდა გვახსოვდეს მძიმე დღეები, როცა ბევრმა ადამიანმა თავი გაწირა საქართველოს თავისუფლებისთვის. ქვეყანამ დაკარგა თავისი შვილები, თუმცა, ამავე დროს დღეს დიდი იმედია, რომ ქვეყანა წინ მიდის, ქვეყანა ვითარდება, ქვეყანამ გაუძლო თავის ქარტეხილებს და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის იმ ხსოვნიდან გამომდინარე აღებული ვალდებულება, რომელიც ჩვენ გვაქვს ომში დაღუპული ადამიანების წინაშე", - განმარტა ურუშაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 3 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მთელი რიგი ღონისძიება იმართება.