კულტურის მინისტრ ნიკა რურუას შეფასებით, 2008 წლის აგვისტოში დაღუპულებმა თავი საქართველოს, როგორც "ქვეყნის არსებობის უფლებას" შესწირეს.
"სანამ საქართველო დააფასებს ამ ადამიანებს, სანამ ჩვენი მეომრები, გმირები იქნებიან მეხსიერების ყველაზე ამაღლებულ წერტილში, მანამდე იქნება ჩვენი ქვეყანა და პირიქით - სანამ ჩვენი ქვეყანა იქნება, მანამდე დაფასდებიან ეს ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის არსებობას და საქართველოს, როგორც ქვეყნის არსებობის უფლებას შეწირეს თავი", - განუცხადა ჟურნალისტებს რურუამ მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც მან დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძის შეფასებით კი, 2008 წლის 8 აგვისტოს მსგავსი დღე საქართველოს ისტორიაში აღარ უნდა განმეორდეს.
"სურვილი უფროა აქ მოსვლა და ომში დაღუპულთათვის პატივის მიგება, ვიდრე მოვალეობა. უნდა ვუთხრათ მომავალ თაობებს, რა დღეა ეს, რა მნიშვნელობა აქვს მას და ასეთი დღე აღარ უნდა განმეორდეს", - განმარტა ხაჩიძემ.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დილიდან მიდიან.