„ქართული პარტიის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფიო ხორგუანმა, აგვისტოს ომის მესამე წლისთავზე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ქვეყნისთვის უმძიმეს დღეებში ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გამოჩენილი სამოქალაქო და საბრძოლო გმირობის მაგალითები. 8 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე მან ომში დაღუპული სამხედრო ექიმის ზურაბ ბეგიაშვილის დედას მადლობა გადაუხადა სამშობლოსთვის თავდადებული შვილის გაზრდისთვის.
„ისინი ჩვენი გმირები არიან და მადლობლები ვართ მათი. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს იმისთვის, რომ საქართველოსთვის დაღუპული ბიჭების სახელი საკუთარი პიარისთვის გამოიყენოს. საზოგადოების დაცინვაა ის, როდესაც დღევანდელი რეჟიმი ომში გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მომადლიერებას იაფასიანი შოუებით ცდილობს.
შემაძრწუნებელია, როდესაც ისმენ ომში დაღუპული ვაჟკაცის პატარა ბავშვის მადლობას იმისთვის, რომ ვიღაცამ ის საქანელაზე წაიყვანა", - აღნიშნა სოფიო ხორგუანმა.
იგი პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მიერ სოფელ ნიქოზში სარწყავი არხის გახსნისას გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„ლიახვის ხეობის ნახევარი კვლავ წყლის გარეშე რჩება. ეს არის ლიახვის მარცხენა მხარეზე არსებული საზღვრისპირა სოფლები - დიცი, არბო და მერეთის ნაწილი. ამ სოფლის მოსახლეობისთვის დიდი ვერაფერი შვებაა ის, რომ სადღაც, მათ სიახლოვეს, ხელისუფლებამ სარწყავი არხი გაიყვანა. აღნიშნული სოფლების მოსახლეობა ამ სიკეთით ვერ ისარგებლებს", - აცხადებს „ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრი, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას უწყლოდ დარჩენილი სოფლების მოსახლეობაზეც იზრუნოს.
ხელისუფლების მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებზე სოფიო ხორგუანი აღნიშნავს, რომ ისინი „მოდელირებული ქრონიკის" ასოციაციას იწვევს.
„ხელისუფლებას პრობლემები შეექმნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რადგან ფოტორეპორტიორების ჯაშუშობა არც ჩვენმა და არც საერთაშორისო საზოგადოებამ არ დაიჯერა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ასეთი „ჩანაწერების გამომზეურება", - მიიჩნევს სოფიო ხორგუანი.
მისივე განცხადებით, ყოველ ორშაბათს „ქართული პარტიის" ცენტრალურ ოფისში ჩატარდება პრესკონფერენციები, რომელზეც საუბარი იქნება აქტუალურ საკითხებზე და რომლის დრისაც ჟურნალისტები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხებს მიიღებენ.