კოლუმბიის მთავრობამ ვენესუელის საზღვართან საკუთარი სამხედრო კონტიგენტის შემადგენლობა გაზარდა.
კოლუმბიის მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, სასაზღვრო ზოლში არსებულ სამხედრო ბაზებზე 6 საავიაციო ესკადრილია განთავსდება. შესაბამისი განცხადება არმიის გენერალმა ოსკარ გონსალესმა გააკეთა.
რაც შეეხება კაკეტასა და ტოლემაიდას სამხედრო ბაზებს, 2009 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულების შესაბამისად, მათ ამერიკის შეერთებული შტატები იყენებს.
გონსალესის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება აამაღლებს კოლუმბიის შეიარაღებული ძალების სამხედრო მომზადებას და დაამშვიდებს კოლუმბიელ ხალხს ვენესუელის პრეზიდენტის მხრიდან მუდმივი მუქარებისგან.
კოლუმბიის გადაწყვეტილების საპასუხი ნაბიჯების გადადგმას უგო ჩავესის ხელისუფლება უახლოეს პერიოდში აპირებს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, როცა კოლუმბიამ საკუთარი სამხედრო ბაზები ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი ვადით გადასცა. ჩავესმა მკაცრად გააკრიტიკა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა და თანამემამულეებსა და საკუთარ საჯარისო ნაწილებს ომის მზადებისკენ მოუწოდა.
უგო ჩავესის პოზიციას მხარი დაუჭირეს ბოლივიამ, კუბამ, ნიკარაგიამ, არგენტინამ და ეკვადორმა.