პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის აზრით, რუსეთში შეერთებული შტატების კრიტიკის პოლიტიკა დაიწყო.
ასეთი შთაბეჭდილება გოგოლაშვილს რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს შედეგად შეექმნა, რომელიც მან რუს და ქართველ ჟურნალისტებს მისცა.
"რუსეთის ხელმძღვანელობა ხედავს, რომ შეერთებულ შტატებთან გადატვირთვის პოლიტიკა, პრაქტიკულად, ჩაიშალა, რომ ძალიან ბევრი გადაულახავი წინააღმდეგობა არსებობს მათ შორის. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთში არჩევნები ახლოვდება, ანუ დრო, როცა ქვეყნის ხელმძღვანელობამ სპეციფიური პოლიტიკა გაატაროს და გარეთ დაიწყოს მტრის ძიება. რუსეთს არ აწყობს მშვიდი და განვითარებადი ურთიერთობები აშშ-სა და დასავლეთთან და მგონია, რომ აქედან გამომდინარე აკეთებს ის მკვეთრ განცხადებებს. დიმიტრი მედვედევი დღევანდელი განცხადებებით სააკაშვილს და საქართველოს კი არ დაპირისპირებია (სააკაშვილთან უკვე დაპირისპირებულია), არამედ შეერთებულ შტატებს. როგორც ჩანს, მოსკოვშიAშეერთებული შტატების კრიტიკის პოლიტიკა დაიწყო. რა გავლენას იქონიებს ეს ჩვენზე, ძნელი სათმელია. ყოველ შემთხვევაში დადებითი ცვლილება არ მოჰყვება", - განუცხადა გოგოლაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" მედვედევის ინტერვიუზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსი და ქართველი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომზე, ომამდელ პერიოდში, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილზე და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა. მედვედევმა საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან კონტაქტების ნელ-ნელა გაწყვეტაში თავად დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კონდოლიზა რაისის თბილისში ვიზიტის დროს "ავანტიურული გეგმა დაიწერა, რომელიც აგვისტოში განხორციელდა". აღნიშნულ კონტექსტში, რუსეთის პრეზიდენტი 2008 წლის ომზე სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს და ამბობს, რომ მას ჩადენილ ავანტიურად არ აპატიებს. "ისაა ფიგურა, რომელსაც ხელს ვერ ჩამოვართმევ... ის ჩემი მადლიერი უნდა იყოს, რომ უარი ვთქვი ჯარების თბილისში შეყვანაზე. ასე რომ მომხდარიყო, მიხეილ სააკაშვილი დღეს პრეზიდენტი არ იქნებოდა და ამის გაკეთება ძალიან მარტივი იყო", - აცხადებს მედვედევი. რუსეთის პირველი პირი საქართველოსთან დიპლომატიური და სხვა სახის ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზეც საუბრობს, თუმცა აქვე დასძენს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაელაპარაკება.