ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს დამაჯერებლობა აკლდა.
"როცა მედვედევი გამოეხმაურა სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას, მან ამ ფაქტს სამართლებრივი თვალსაზრისით ვერაფერი დაუპირისპირა, რის გამოც სახელმწიფო მეთაურისთვის სამწუხაროდ, არადიპლომატიური ტერმინებით მოიხსენია აშშ-ის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, რომლებმაც რეზოლუციის მიღებაში მიიღეს მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მან სისუსტე გამოიჩინა, რომელიც იმით იყო განპირობებული, რომ არგუმენტები არ ჰყოფნიდა. როცა შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას იწყებ, ეს ნიშნავს, რომ არ გაქვს არგუმენტები. როცა ძლიერი პოლიტიკოსი ხარ, უნდა შეგეძლოს ახსნა, რატომ არ არის ოკუპაცია სამართლებრივი თვალსაზრისით ოკუპაცია და არსებობს თუ არა კონკრეტული კონვენცია, რომელიც ქმედებას იმის შესახებ, თითქოს რუსეთი ოსი ხალხის გენოციდის გადარჩენის მიზნით მოქმედებდა, გაამართლებს", - განუცხადა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" მედვედევის მიერ რუს და ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას გაკეთებულ განცხადებებზე კომენტირებისას.
ამასთან, ექსპერტისთვის არადამაჯერებელია დიალოგები, რომლებიც მედვედევის მტკიცებით, მასსა და პრეზიდენტ სააკაშვილს, ნიკოლა სარკოზსა თუ რუსეთის თავდაცვის მინისტრს შორის შედგა. ჩიტაძის აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა ისინი გამოიგონა.
"სადაც რუსეთი აცხადებს, რომ კონსტიტუციურ წესრიგს ამყარებს ჩეჩნეთში და 200 ათას ადამიანს კლავს, დიალოგები, რომლებზეც ინტერვიუში იყო საუბარი, მედვედევს შეეძლო გამოეგონებინა. ამაში ეჭვი ოდნავადაც არ შემაქვს. ფაშისტური გერმანიის მეთაური ჰიტლერიც ამტკიცებდა, რომ ათავისუფლებდა ჩეხოსლოვაკიას, რომ პოლონეთი დაესხა თავს გერმანიას და არა პირიქით. ეს არის აგრესორების მეთოდი - აქეთ დაგადანაშაულონ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება იმაში, რომ მან გაწყვიტა რუსეთთან კონტაქტები. სააკაშვილამდე რუსეთმა შემოიღო საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, რუსეთმა აკრძალა ქართული ღვინო და პროდუქცია თავის ბაზარზე...", - განმარტა ექსპერტმა.
ამასთან, ნიკა ჩიტაძე მედვედევის იმ ვარაუდსაც გამოეხმაურა, რომელშიც რუსეთის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ავანტიურისტული გეგმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში განხორციელდა, თბილისში კონდოლიზა რაისის ვიზიტისას დაიწერა.
"სხვათა შორის, იმ დღეს, როცა რაისის ვიზიტი შედგა საქართველოში, რუსეთმა ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამით მოსკოვმა ძალის დემონსტრირება მოახდინა... ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ შეერთებულ შტატებს ჯარი არ გამოუგზავნია საქართველოში... რაისის ვიზიტი შედგა, როგოროც სხვა ქვეყნებში შედგებოდა სახელმწიფო მდივნის ვიზიტი. ამ საკითხზე რუსეთის ინტერპრეტაცია მიუღებელია", - დასძინა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსი და ქართველი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომზე, ომამდელ პერიოდში, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილზე და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა. მედვედევმა საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან კონტაქტების ნელ-ნელა გაწყვეტაში თავად დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კონდოლიზა რაისის თბილისში ვიზიტის დროს "ავანტიურული გეგმა დაიწერა, რომელიც აგვისტოში განხორციელდა". აღნიშნულ კონტექსტში, რუსეთის პრეზიდენტი 2008 წლის ომზე სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს და ამბობს, რომ მას ჩადენილ ავანტიურად არ აპატიებს. "ისაა ფიგურა, რომელსაც ხელს ვერ ჩამოვართმევ... ის ჩემი მადლიერი უნდა იყოს, რომ უარი ვთქვი ჯარების თბილისში შეყვანაზე. ასე რომ მომხდარიყო, მიხეილ სააკაშვილი დღეს პრეზიდენტი არ იქნებოდა და ამის გაკეთება ძალიან მარტივი იყო", - აცხადებს მედვედევი. რუსეთის პირველი პირი საქართველოსთან დიპლომატიური და სხვა სახის ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზეც საუბრობს, თუმცა აქვე დასძენს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაელაპარაკება.