საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ დავით დარჩიაშვილს "მედვედევზე, პუტინზე, ლავროვზე და კარასინზე" განცხადებების გაკეთება მობეზრდა.
"მედვედევი მგონია, რომ ცოტა უფრო განათლებულია, ვიდრე ის, ვინც სინამდვილეში არის ქვეყნის მმართველი,მაგრამ, სამწუხაროდ, ან პიროვნული გაორება სჭირს ან თავის აზრებს ღიად ვერ გამოხატავს და თამაშობს მეორე კაცის (რომელიც სინამდვილეში პირველია) დაწერილი სცენარით. ეს უნდა მივიღოთ როგორც რეალობა. წლების განმავლობაში და არა მარტო 2008-დან, რუსეთი უპირისპირდება საქართველოს სახელმწიფოდ შედგომის იდეას და პროექტს, თუმცა მიუხედავად რუსეთის უზარმაზარი ფიზიკური ძლიერებისა, ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება. მოვა სხვა ხალხი და დაინახავს, რომ რუსეთი, თუკი ის საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ გააგრძელებს სვლას, საბოლოო ჯამში, თვითონ შევა ღრმა კრიზისში. Mანმადე კი მედვედევი იქნება, პუტინი, ლავროვი თუ კარასინი, მართალი გითხრათ, მომბეძრდა მათზე კომენტარების კეთება. მომბეზრდა, იმიტომ რომ ერთი და იგივე პასუხი მაქვს ყველაფერზე - ეს არის სრულიად არაადექვატური, არაბუნებრივი, საერთაშორისო სისტემის წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლება, რომელიც დგას შიშველ ძალაზე, მათ შორის არამარტო ტანკებზე, არამედ ორგანიზებულ დანაშაულზე. ცოტა ხანი უნდა ავიტანოთ, მოვითმინოთ და საერთაშორისო სამართლით ვიხელმძღვანელოთ", - განუცხადა დავით დარჩიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინტერვიუზე კომენტირებისას.
ამასთან, დეპუტატის აზრით, "კარგია, რომ ასეთი ინტერვიუ ჩაიწერა, რადგან ხანდახან საქართველოში ბევრ პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს ავიწყდება რასთან გვაქვს საქმე".
"საქმე გვაქვს ნებისმიერი ქვეყნისთვის ყველაზე მთავარ ღირებულებებებთან - საერთაშორისო სამართალსა და სუვერენიტეტთან დაპირისპირებულ ძალასთან. ეს არის დღეს რუსეთი საქართველოსთვის, შესაბამისად სანამ ეს არ შეიცვლება, რომანტიული, ნოსტალგიური და ა.შ ლაპარაკი ფრენებზე თუ ვიზებზე, არის აბსოლუტურად უადგილო და არაადექვატური", - განმარტა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსი და ქართველი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომზე, ომამდელ პერიოდში, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილზე და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა. მედვედევმა საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან კონტაქტების ნელ-ნელა გაწყვეტაში თავად დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კონდოლიზა რაისის თბილისში ვიზიტის დროს "ავანტიურული გეგმა დაიწერა, რომელიც აგვისტოში განხორციელდა". აღნიშნულ კონტექსტში, რუსეთის პრეზიდენტი 2008 წლის ომზე სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს და ამბობს, რომ მას ჩადენილ ავანტიურად არ აპატიებს. "ისაა ფიგურა, რომელსაც ხელს ვერ ჩამოვართმევ... ის ჩემი მადლიერი უნდა იყოს, რომ უარი ვთქვი ჯარების თბილისში შეყვანაზე. ასე რომ მომხდარიყო, მიხეილ სააკაშვილი დღეს პრეზიდენტი არ იქნებოდა და ამის გაკეთება ძალიან მარტივი იყო", - აცხადებს მედვედევი. რუსეთის პირველი პირი საქართველოსთან დიპლომატიური და სხვა სახის ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზეც საუბრობს, თუმცა აქვე დასძენს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაელაპარაკება.