არაფერი გასაკვირი იმაში არ არის, რომ ხშირად ეკლესიის კანონიკური ტერიტორიები სახელმწიფოს გეოგრაფიულ საზღვრებს არ ემთხვევა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
კითხვაზე: „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოს პატრიარქატის კანონიერ ტერიტორიებად მიიჩნევს. რატომ არის განსხვავებული საერო და სასულიერო ხელისუფალთა აზრები ამ საკითხთან დაკავშირებით? მედვედევი პასუხობს: „იმიტომ, რომ საერო ხელისუფლება საერო ხელისუფლებაა, ხოლო სასულიერო სასულიერო".
„საერო ხელისუფლება გადაწყვეტილებებს იღებდა ძალიან მძიმე გარემოებების გათვალისწინებით. ეს რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ის გადაწყვეტილებებიც. რაც შეეხება სასულიერო ხელისუფლებას, მას სხვა სიტუაცია აქვს და არ მინდა მასში ჩაღრმავება. ეს ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება, თუმცა არ დავმალავ, რომ არაერთხელ განვიხილე ის უწმინდეს პატრიარქ კირილთან და უწმინდეს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. ჩვენ არაერთხელ შევხვდით და ეს განვიხილეთ.
ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ძალიან ხშირად ეკლესიის კანონიკური ტერიტორიები არ ემთხვევა სახელმწიფოების გეოგრაფიულ საზღვრებს. მისმინეთ, ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვა სახელმწიფოები ვართ ახლა რუსეთი და უკრაინა, მაგრამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის პატრიარქატი იქ მოქმედებს", - განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა ქართველ და რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში.