მიხეილ სააკაშვილის გარეშე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და მოლაპარაკების პროცესის დაწყება შესაძლებელია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ქართველ და რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე: „თქვენ აცხადებთ, რომ თუ არ იქნება სააკაშვილი, ალბათ, შესაძლოა შეთანხმება", დიმიტრი მედვედევმა უპასუხა: „მე არ მითქვამს შეთანხმება, მე ვთქვი, რომ მაშინ შესაძლო იქნება, როგორც მინიმუმ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები და დაიწყოს მოლაპარაკებები ნებისმიერ საკითხზე, გარდა იმის, რაშიც ჩვენ პოზიციები უკვე გვაქვს, მაგრამ თუნდაც ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი შესაძლებელია".
კიდევ ერთ შეკითხვაზე კი, რომ „საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ შეეგუება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას, ხოლო რუსეთის აღნიშნული პოზიცია, ფაქტობრივად, ფუნდამენტალურ უთანხმოებას იწვევს", დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა: „დიახ, აზრთასხვადასხვაობა იქნება. მე ეჭვი არ მაქვს, მაგრამ ეს იქნებიან ადამიანები, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება ერთ მაგიდასთან დაჯდომა და ეს ნაკლებადმნიშვნელოვანი არ არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უარს არ იტყვიან ერთ მაგიდასთან დაჯდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ გაგვაჩნია ფუნდამენტალური აზრთასხვადასხვაობა".