იმის სათქმელად, მისცა თუ არა მწვანე შუქი ვაშინგტონმა საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის დასაწყებად, ოფიციალური ან აგენტურული მონაცემების ქონაა აუცილებელი, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მან "ეხო მოსკვის", "Russia Today"-სა და "პირველ კავკასიურსს" მისცა.
ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტი გარკვეული ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ კონდოლიზა რაისის ვიზიტი საქართველოში „მრავლისმთქმელია".
„იმისთვის, რომ ეს ითქვას (მწვანე შუქის მიცემა ვაშინგტონისგან), უნდა არსებობდეს, როგორც მინიმუმ ოფიციალური ან აგენტურული მონაცემები. მე ის არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ყველას შეგვიძლია ანალიზის გაკეთება. კონდოლიზა რაისის ვიზიტის შემდეგ ჩემმა კოლეგამ ურთიერთობები შეწყვიტა. შესაძლოა, ეს მხოლოდ დამთხვევაა, მაგრამ ფაქტობრივად, მე სრულად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამ ვიზიტის დროს შეიქმნა გეგმა შესაბამისი ავანტიურისა, რომელიც აგვისტოში განხორციელდა.