მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი მზად არიან რუსეთთან საკავშირო სახელმწიფო შექმნან, ცხინვალში რუსეთთან შეერთების ვარიანტს არ განიხილავენ. ეს განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩმა რუსეთში დიმიტრი მედოევმა რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ეთერში გააკეთა.
"ჩვენმა ხალხმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სასარგებლოდ არჩევანი რეფერენდუმზე უკვე გააკეთა და არავითარი გეგმა რუსეთის ფედერაციასთან მიერთების ჩვენ არ გვაქვს - საუბარი მიდის მხოლოდ ინტეგრაციაზე და სამხრეთ ოსეთის შესვლაზე რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოში", _ აცხადებს მედოევი.
მისივე თქმით, ეს საკითხი ძალიან საინტერესო და ძალიან პერსპექტიულია. "ჩვენი ქვეყნისათვის ეს იქნებოდა კარგი ნაბიჯი და კარგი გამოსავალი იმ სიტუაციიდან, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით", _ განაცხადა მედოევმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტიბმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ შეერთების საკითხი თავად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხის გადასაწყვეტია.