"პოლიტიკაში შესაძლებელია სხვადასხვანაირად გამოიყურებოდე - შესაძლოა შიშს გვრიდე ვიღაცას, შესაძლოა, ვინმე აღფრთოვანებული იყოს შენით, მაგრამ არ შეიძლება სასაცილო იყო. სენატის რეპუტაცია აშშ-ს ღირსების საკითხია და მას არ აქვს მორალური უფლება იმისა, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელსაც შედეგად არაფერი მოყვება გარდა ემოციისა", _ ეს განცხადება რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა აშშ-ს სენატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი მორიგი რეზოლუციის მიღების კომენტირებისას გააკეთა.
მისივე თქმით, "თუ აშშ-ს სენატორებს იურიდიული მომზადება არ ჰყოფნით, ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ მათთვის კვალიფიკაციის ამაღლების კურსის გავლა რუსეთის ერთ ერთ უმაღლეს იურიდიულ სასწავლებელში".
"რეზოლუციას არავითარი პრაქტიკული შედეგი არ მოჰყვება. ეს უბრალოდ დემარშია, რომელიც რუსული მხრიდან მხოლოდ გაურკვევლობას და აშშ-ს კანონმდებლების ადეკვატურობაში ეჭვის შეტანას გამოიწვევს", _ აცხადებს როგოზინი.
მისივე ღრმა რწმენით, აშშ-ს სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია მოტივირებულია რიგი სენატორების შიდაპოლიტიკური ამბიციებით, იმისათვის რათა ამომრჩევლების დამატებითი სიმპატიები მიიღონ.
"დარწმუნებული ვარ აშშ-ს სენატორებს მიუფურთხებიათ აფხაზეთისთვისაც, სამხრეთ ოსეთისთვისაც, საქართველოსთვისაც და რუსეთის ფედერაციისათვის. თავისი გადაწყვეტილების მიღებით ისინი მხოლოდ ცდილობენ ამერიკელ ამომრჩევლებს მოაწონონ თავი", _ აცხადებს როგოზინი და აღნიშმავს, რომ მისი აზრით, აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ გაუგებრობაა, რომელიც გარკვეული რაოდენობის კონგრესმენებმა თავიანთი ვიწყო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.