საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოხუმში დსთ-ის საქმეთა, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის რუსეთის ფედერალური სააგენტოს, "როსსოტრუდნიჩესტვოს", ფილიალის გახსნას განცხადებით ეხმაურება.
"აღნიშნული ქმედება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმ რეალური ზრახვებისა, რომლის განხორციელებას ცდილობს რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ემსახურება კრემლის მთავარ მიზანს - მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში ინტეგრაცია. კრემლის მიერ დეკლარირებული ერთიანი კულტურული სივრცის შექმნის გეგმა სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გადადგმულ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს", - ნათქვამია ვაშაძის უწყების განცხადებაში.
მასში აღნიშნულია, რომ თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ფედერაციის ახალი სამხედრო დოქტრინის პოსტულატებს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გამალებულ მილიტარიზაციას, ცხადი ხდება, რომ რუსეთი აფხაზეთის მოსახლეობას აღარ უტოვებს არჩევანს, აფხაზური ეთნოსის ასიმილაციისა და რუსეთის შემადგენლობაში ინტეგრაციის გარდა.
"ხოლო საჭიროების შემთხვევაში კრემლი მზად არის გამოიყენოს აფხაზეთში სამხედრო ძალა მათ შორის რუსი "თანამემამულეების დაცვის" მოტივითაც. მით უმეტეს ამის გამოცდილება რუსეთის ხელისუფლებას უკვე აქვს, ხოლო რა შედეგები მოჰყვა ამას, საერთაშორისო თანამეგობრობამ იხილა 2008 წლის აგვისტოში", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში დსთ-ის საქმეთა, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის რუსეთის ფედერალური სააგენტოს, "როსსოტრუდნიჩესტვოს" ფილიალი დღეს გაიხსნა.