რუსეთი აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად მზადაა იყოს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის გარანტი. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა "იტარ-ტასისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყებიდან უკვე 16 რაუნდია ჩატარებული. ჯერ ჯერობით სწორედ ეს შეხვედრებია რომლებიც საშუალებას იძლევა შევაკავოთ თბილისის სწრაფვა ხმაურიანი განცხადებებისკენ და მოთხოვნებისკენ დაუყოვნებლივ დაბრუნდეს მის მიერ დაკარგული ხალხები და ტერიტორიები", _ აცხადებს კარასინი.
ამასთან ერთად, სერგეი ლავრობის მოადგილე აცხადებს, რომ ჯერ ჯერობით ეს არის ერთადერთი მოედანი სადაც მხარეები ერთმანეთს ხვდებიან და აზრებს უზიარებენ, ხოლო სოხუმისა და ცხინვალის აზრის იგნორირება არა თუ პოლიტიკური სიბეცის გამომხატველი იქნებოდა, არამედ კონტრპროდუქციულიც.
"მათი უშუალო ჩართვის გარეშე შეუძლებელია მშვიდობის უზრუნველყოფა კავკასიაში მათ შორის საქართველოსთვისაც", _ აცხადებს კარასინი.