ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთადერთი სტილი სკანდალია.
"სხვანაირად მას არ აქვს არც მორალური და არც ინტელექტუალური რესურსი პოლიტიკა აკეთოს. სკანდალი არის მისი ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას ერთადერთი იარაღი", - განუცხადა ხუხუშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" ოქრუაშვილის მორიგ სკანდალურ განცხადებაზე კომენტირებისას.
რაც შეეხება ოქრუაშვილის მტკიცებას, რომ ლევან გაჩეჩილაძემ "ქართული პარტიის" გეგმა გაყიდა, ექსპერტი მას "სასაცილოდ" აფასებს და აცხადებს, რომ არ შეიძლებოდა გაჩეჩილაძეს გაეყიდა ის, რაც "ქართულ პარტიას" არც ჰქონია.
"რაც არ არსებობს, იმის გაყიდვა შეუძლებელია. იმაზე საუბარი კი, რომ ირაკლი ოქრუაშვილს რაღაც გეგმა ჰქონდა, არასერიოზულია. მას არანაირი გეგმა არ ჰქონია და შესაბამისად, ვერც ვერავინ გაყიდდა. ოქრუაშვილის განცხადება მორიგი პოლიტიკური პროვოკაციაა, თუმცა სიმართლე გითხრათ, მისი სკანდალები ქართული საზოგადოებისთვის უკვე აღარ არის საინტერესო. დღეს ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტიკური გვამი და ის ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს. სხვათაშორის, დღევანდელი მდგომარეობით ლევან გაჩეჩილაძესაც ძალიან გაუჭირდება პოლიტიკაში დაბრუნება", - განმარტავს ექსპერტი, რომლის აზრითაც, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულმა სკანდალურმა განცხადებამ "რუსთავი 2"-სა და "იმედს" გულის კიდევ ერთხელ მოფხანის საშუალება მისცა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული პარტიის" საფრანგეთში მცხოვრები ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის მისი პარტიისეული გეგმა ლევან გაჩეჩილაძემ 5 მილიონად გაყიდა. "პარტიაში აღმოჩნდნენ მოღალატეები, მაგრამ ყველა დიდი მოღალატეა ლევან გაჩეჩილაძე", - განაცხადა ოქრუაშვილმა რამდენიმე დღის წინ.