იმაზე ლაპარკი, რომ ვიღაცამ შეუშალა ხელი, ეს ქალაჩუნობა, მას ავნებს მხოლოდ. ისედაც მისი პოლიტიკური დივიდენდები ნულის ტოლია, - განაცხადა კოკა გუნცაძემ "ქართული პარტიის" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით, ეკა ბერიძის საავტორო გადაცემა "პირდაპირ საუბარში".
"შემომსვლელი კაცი მეტიჩრობას თავს დაანებებს და შემოვა. მოდი და ჩამოდი თუ კაცი ხარ. რა გვპირდები, რა მეტიჩრობ, რას პოზიორობ კამერებთან. ჩამოდი შენს სამშობლოში და ჩაჯექი ციხეში. ან იბრძოლე, ან ჩამოაგდე. რას იმუქრები და ჰაერში იქნევ ხელებს. იგორ გიორგაძეზე უარესი გახდა უკვე", - განაცხადა გუნცაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა "მაესტროსთვის" მიცემულ ინტერვიუში ლევან გაჩეჩილაძეს მოღალატე უწოდა. მისი თქმით, არსებობდა კონკრეტული გეგმა მისი საქართველოში ჩამოსვლის, თუმცა ეს გეგმები გაჩეჩილაძემ ხელისუფლებას გააცნო და ამაში ფული აიღო. ოქრუაშვილის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე არის ადამიანი, რომელმაც 3 წლის განმავლობაში მინიმუმ 3-ჯერ გაყიდა საკუთარი ხალხი. მისივე თქმით, ლევან გაჩეჩილაძემ ხელისუფლებისგან 5 მლნ აიღო და ვალები გაისტუმრა.