ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით მედიამ "სერიოზულად იბრძოლა", ადვოკატთა კორპუსმა კი პროფესიონალიზმის გარდა "მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია აჩვენა".
"მართალია საქმის დასასრული არ შეიძლება ჩაითვალოს იდეალურად - აღიარებითი ჩვენება ლაქად გასდევს მთელს ამ საქმეს (რადგან ის არ გამოირჩევა დამაჯერებლობით და ვერ აბათილებს საზოგადოებაში არსებულ მყარ რწმენას, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია), მაგრამ ის უდავოდ უნდა ჩაითვალოს მსგავს სიტუაციაში ქართული საზოგადოების, პრაქტიკულად, უპრეცენდენტო გამარჯვებად. ჟურნალისტთა კორპუსმა ძალიან სერიოზულად იბრძოლა, ადვოკატებმა კი პროფესიონალიზმის გარდა აჩვენეს მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ხუხაშვილმა.
რაც შეეხება საქმესთან დაკავშირებით ზოგადად ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას, ექსპერტი გარკვეულწილად უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ფოტორეპორტიორების მორალური დაცვა ვერ შესძლო.
"პირველი ამოცანა, რომ ისინი ციხეში არ დარჩენილიყვნენ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შევასრულეთ და გავიმარჯვეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მორალური დაცვა ვერ მოვახერხეთ. თუმცა, მომხდარი მაინც შეიძლება ჩაითვალოს სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების უკეთეს ეტაპად. აქამდე არ ყოფილა პრეცენდენტი, როცა ქართულ საზოგაოდებას სერიოზული შედეგის მიღება მოეხერხებინოს", - აღნიშნა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურასა და დაკავებულ ფოტორეპორტიორებს შორის დღეს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. აღნიშნულის საფუძველზე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დაკავებულთა პირობითი სასჯელით გათავისუფლების შუამდგომლობითაც მიმართა.