"ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრი სოფიო ხორგუანი ბოტანიკური ბაღის განადგურების საფრთხეზე საუბრობს. მისი განცხადებით, ამის წინაპირობა ის არის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეწყვიტა ბოტანიკური ბაღის ბაზაზე არსებული ბოტანიკის ინსტიტუტის დაფინანსება, მაშინ, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეცნიერების მხარდასაჭერად 30 მილიონი ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, „ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრს საგანგაშოდ მიაჩნია ისიც, რომ ბოტანიკური ბაღის 200-მდე პროფესიონალი თანამშრომელი სამსახურის გარეშე რჩება.
„ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ბოტანიკური ბაღი თბილისის მერიას უნდა გადაეცეს. ყველას კარგად მოეხსენება, როგორ ექცევა დედაქალაქის მერია საკუთრებას, როგორ გაასხვისა მან დიღმის ტყე-პარკი. ამიტომ ვაპროტესტებთ თბილისის მერიისთვის ბოტანიკური ბაღის გადაცემას. ეს ბაღი არ შეიძლება იყოს მხოლოდ მერიის საკუთრება, ვინაიდან მთელი ერის, თითოეული ჩვენთაგანის ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს", - აღნიშნა ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან 21 ივლისს გამართულ ბრიფინგზე სოფიო ხორგუანმა, რომელმაც ხელისუფლებას ისიც შეახსენა, რომ ეს უნიკალური ბაღი მეჩვიდმეტე საუკუნიდან იღებს სათავეს და აქ საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის 3500-მდე ნაირსახეობაა წარმოდგენილი.
ხორგუანის თქმით, გაურკვეველია რა მიზანს ისახავს თბილისის მერიისთვის ბოტანიკური ბაღის გადაცემა.
„ფაქტობრივად, იქმნება სახელისუფლო კორუფციის კიდევ ერთი პრეცედენტი: არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში უნიკალური ნარგავები გაიჩეხოს და განადგურებული ბოტანიკური ბაღის ადგილზე დიდი სავაჭრო კომპლექსი ან რაიმე სხვა კომერციული დანიშნულების ობიექტი ვიხილოთ, რომელსაც დედაქალაქის მერია გიგი უგულავასთან დაახლოებულ ბიზნეს- ჯგუფს გადასცემს", - განაცხადა პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა.
სოფიო ხორგუანი მოითხოვს, ბოტანიკურ ბაღს შეუნარჩუნდეს დღევანდელი სტატუსი, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაკეთდეს განმარტება, რატომ შეწყვიტა ბოტანიკის ინსტიტუტის დაფინასება. გარდა ამისა, ხორგუანს აუცილებლად მიაჩნია თბილისის მერიის მხრიდან ოფიციალური განცხადების გაკეთება იმის თაობაზე, რას უპირებს ბოტანიკის ბაღს.
„ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრმა პრესკონფერენციის დროს კიდევ ერთ გარემოებაზე გაამახვილა ჟურნალისტების ყურადღება.
„ოფიციალურად, ბოტანიკური ბაღის ტერიტორია 128 ჰექტარს შეადგენს. თუმცა, ბაღის დირექცია აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის ფართობი მხოლოდ 98 ჰექტარია. არავინ იცის, ეს 30 ჰექტარი როდის და როგორ გაქრა. არ უნდა დავუშვათ, რომ ბაღის ტერიტორია მომავალში კიდევ უფრო შემცირდეს. ეს არ არის „ნაციონალური მოძრაობის მიერ გაშენებული პატარა სკვერი. ბოტანიკური ბაღი თითოეული ჩვენგანის სიმდიდრე და კუთვნილებაა", - აღნიშნა სოფიო ხორგუანმა.