თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ყოფილი პრემიერიც.
მას პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ სხდომათა დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს მიესალმა და შემდეგი რეპლიკით მიმართა: „ხომ არ გავცვალოთ ადგილები?“
დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ამასთან, უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც მოითხოვს, მათ შორის, საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას.
როგორც პროკურატურა ამბობს, ღარიბაშვილი დეკლარაციაში ყალბ მონაცემებს უთითებდა, თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხას - "აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში"
გარდა ამისა, პროკურატურის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.
პროკურატურის ინფორმაციითვე, 17 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 6 500 000 აშშ დოლარი.