საგარეო საქმეთა სამინიტროს მტკიცებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს, შესაბამისად ისინიც შეზღუდული რაოდენობის ინფორმაციას ფლობენ. ამის შესახებ დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"რა სახის ინფორმაციის გატანა იყო შესაძლებელი აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან და არ მხოლოდ ჩვენი მხრიდან, ამომწურავი განცხადებები გაკეთდა. თქვენ იცით, რომ საქმის წარმოებას გრიფი "საიდუმლო" ადევს და შესაბამისად ჩვენც მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ინფორმაციას ვფლობთ", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ნაწილში გრიფი მოეხსნას საზოგადოებისთვისაც მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
"ამ ეტაპზე ჩვენ დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ცნობილია, ქართველი ჟურნალისტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამტკიცებდა, რომ ფოტოგრაფების საქმეს გრიფი "საიდუმლო" არ ადევს და საზოგადოებისთვის მხოლოდ კონფიდენციალური დოკუმენტების შინაარსი უნდა იყოს დახურული. რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს შს მინისტრის მტკიცებით ღიაა, თუმცა ამ დრომდე ფოტოკორესპონდენტების დაკავების საქმის შესახებ ინფორმაცია კვლავ დახურულია.
შეგახსნებეთ, რომ 7 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულ იქნენ ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი).
ვადის ფარგლებში სამართალდამცავებმა ფოტორეპორტიორებს - ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძეს და გიორგი აბდალაძეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე - ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს.
გამოძიებამ 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე. გამოძიებას აღიარებთი ჩვენება მისცა ირაკლი გედენიძემაც. გავრცელადა ინფორმაცია, რომ ბრალი აღიარა ზურაბ ქურციკიძემაც, თუმცა ოფიციალურად არ დადსტურებულა. აღიარებითი ჩვენება მისცა გიორგი აბდალაძემაც.