დაკავებული ფოტოგრაფების საქმის დაჯერება შეუძლებელია იმ ადამიანისთვის ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ყოფილმა ჟურნალისტმა, ქრისტიან-დემოკრატების წევრმა ინგა გრიგოლიამ განუცხადა.
"მე წლების ურთიერთობა მაკავშირებს, როგორც აბდალაძესთან, ასევე ირაკლი გედენიძესთან და ნათია გედენიძესთან, რომლის ჯაშუშობით დაკავებაც სასაცილოა. ნათია მხოლოდ თბილისური ე.წ. ტუსოვკების გაშუქებით იყო დაკავებული", - აღნიშნა გრიგოლიამ.
მისივე თქმით, მას საერთოდ არ სჯერა, რომ ფოტორეპორტიორები რამენაირად მაინც არიან დაკავშირებული ჯაშუშირ ქსელთან. მით უმეტეს, იმ მასალების გათვალისწინებით, რომელიც ოფიციალურად გამოქვეყნდა.
"იმდენად არაადეკვატური და არადამაჯერებელი მასალები გავრცელდა, რომ ადამიანი, რომელიც ცოტა მაინც აზროვნებს, შეუძლებელია ეს დაიჯეროს. როგორ შეიძლება ჯაშუშები ტელეფონებით ერთმანეთს ხმამაღლა ესაუბრებოდნენ ანგარიშებზე. ან საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სრულიად ჯანმრთელო ადამიანი მეგონა, როგორ უნდა გამოვიდეს და თქვას რომ თურმე, ფოტოგრაფს კომპიუტერში შეუძლია, რაღაც ინფორმაციამდე შეღწევა", - აღნიშნა გრიგოლიამ.