კლიმატის ცვლილების კონვენციის სუფთა განვითარების მექანიზმის (სგმ) ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდება პროექტი, რომელიც დისტრიბუციის ქსელში გაზის გაჟონვების შემცირებას გულისხმობს.
პროექტის განხორციელების პროცესში სააქციო საზოგადოება "ყაზტრანსგაზ-თბილისთან" ერთად ჩართულია ბრიტანული ორგანიზაცია Climate Change Capital Fund II s.a.r.l.
პროექტის რეგისტრაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე განხორციელდა. პროექტის საკრედიტო პერიოდი 10 წელია და მისი განხორციელება შეამცირებს გაზის დანაკარგებს განაწილების ქსელში და ამავე დროს სათბურის გაზების ემისიას (დაახლოებით 3 795 700 ტ ჩO2-ის ეკვივალენტით).
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ჰიდრომეტეოროლოგიისა და კლიმატის ცვლილების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა მედეა ინაშვილმა განუცხადა, კიოტოს პროტოკოლით გათვალისწინებული სუფთა განვითარების მექანიზმი (სგმ) გულისხმობს განვითარებული ქვეყნების მიერ განვითარებად ქვეყნებში ინვესტირებით ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს სათბურის გაზების შემცირებას. ეს კი გულისხმობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, უკვე არსებული საწარმოების გადაიარაღებას განახლებადი ენერგიის საწარმოებით უკვე არსებულის ჩანაცვლებას და ენერგოეფექტურობის ამაღლებას და სხვა ეკონომიკურად, სოციალურად და ეკოლოგიურად სასარგებლო ქმედებებს.
ინაშვილის განცხადებით, ჩადებული ინვესტიციების სანაცვლოდ განვითარებული ქვეყნები იღებენ სერტიფიკატებს, რომლებიც ადასტურებს პროექტით "დაზოგილი" ემისიების რაოდენობას, რითაც ეს ქვეყნები ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას კიოტოს პროტოკოლის მიმართ.
"ეს ძალიან სასარგებლო მექანიზმია და მისი სრული ძალით ამოქმედება საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს კლიმატის ცვლილების სფეროში უახლოეს სამ წელიწადში, 2012 წლამდე, ანუ კიოტოს I სავალდებულო პერიოდის დამთავრებამდე. თუ როგორ გაგრძელდება ეს პროტოკოლი, ამას ამჟამად კოპენჰაგენში მიმდინარე კონფერენცია გადაწყვეტს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ინაშვილმა.