ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, რომელიც ცხინვალში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, ოკუპირებული რეგიონი უკვე დატოვა.
კომახიძემ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდები მოინახულა, თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ან იმ პირობების შესახებ, რომელშიც დაკავებულები იმყოფებიან, დეტალებს არ აკონკრეტებს.
"არ არიან კარგ მდგომარეობაში", - მხოლოდ აღნიშნული, მცირე კომენტარით შემოიფარგლა ჟურნალისტი კოლეგებთან საუბარში.
ვახტანგ კომახიძეს არც ის დაუკონკრეტებია, როგორ მოხვდა ცხინვალის რეგიონში და ჟურნალისტებს მხოლოდ ის განუცხადა, რომ "ეს შეძლო ისე, როგორც სხვები ახერხებენ სხვა რაღაცებს".
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე ფილმს იღებს. ის ოკუპირებულ რეგიონში სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა. რაც შეეხება უშუალოდ ქალაქს, ფილმის ავტორის თქმით, "ქალაქიც ცუდ მდგომარეობაშია".